ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელმა, შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენდატი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და მიიჩნევს, რომ ახლა კომპრომისის დროა.
"ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას, როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე მმართველ გუნდთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია. იმის ნიშანია, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა. აქ დავრჩები სამი დღით. მოუთმენლად ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს და ეს სამშაბათს მოხდება", - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
ცნობისთვის, დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.